Pages

Sunday, August 23, 2015

ყველა სიზმარი უკვე ნანახი მაქვს, ანუ თევზის დღიური

ყველა სიზმარი უკვე ნანახი მაქვს, ანუ თევზის დღიური

"ამ ქალაქში მხოლოდ სიზმრების გარეშე ძილია ნებადართული"
ანდა:
"ამ ქალაქში ძილის მხოლოდ მაშინ არ ეშინიათ, როცა სიზმრებს ვერ ხედავენ"
ანდა, რომ ჰკითხოთ, იტყვიან:
"ამ ქალაქში ყველას სიზმრების გარეშე გვძინავს"
ან სულაც (ყველაზე რადიკალურად):
"ამ ქალაქში არავის გვძინავს"
დიახ, ეს ფრაზები ჩვენი ქალაქის კუთვნილებაა, მაგრამ სულაც არ გვაქვს ისეთი მისტიური სივრცე, როგორსაც მარკესი მოიფიქრებდა; აქ ყველაფერი გაცილებით ურბანული და ცემენტნარევია. მოსახლეებს ხანდახან ძილის, უმეტესად კი, სიზმრისადმი შიში აერთიანებთ, თუმცა თითოეულის ვალია, არასდროს ილაპარაკოს სიზმრებზე და მათდამი გლობალურ შიშზე.

არ იფიქროთ, რომ სიზმრებს კანონი კრძალავს, ან ერთპიროვნული მმართველობა, რაიმე ტოტალიტარული რეჟიმი აკონტროლებს სიზმრებს, სულაც არა! პირიქით, ამ ქალაქში ყველა მთავრობა ბოლო რამდენიმე ათწლეულია იმას ცდილობს, რომ, როგორმე მისი მოსახლეობაც დანარჩენ მსოფლიოს დაამსგავსოს, მოუწოდებს ქალაქს ფანტაზიის განვითარებსკენ, მეტი თავგადასავლებისკენ, მძაფრი ემოციური განცდებისკენ, მაგრამ (საკუთარი გამოცდილებით ვამბობ) მაინც ვერავინ შეძლო სიზმრების შიშის მოშორება, სიზმრებზე, საერთოდ, ლაპარაკი, სიზმრებთან დაახლოება, დამეგობრება, მტრობა, ფლობა, ტკბობა და ა.შ.
რა თქმა უნდა, ჩვენს ქალაქში ჩატარდა არაერთი კვლევა ჩვენი სახელგანთქმული მეცნიერებისა და მსოფლიოს უფრო სახელგანთქმული სწავლულების მიერ, მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე, მათ ვერაფერი დაადგინეს ახალი; ძველი კი ასე დაიწყო:
ჩემი ბაბუის ბაბუა (როგორც ბაბუამ მითხრა, რადგან ბაბუის ბაბუას, აბა, როგორ მოვესწრებოდი) ყვებოდა, მას ბავშვობაში ესიზმრებოდა ხოლმე ყველაფერი, რაც ყოველდღიურობაში დასაშვები ემოციით შეიძლებოდა დასიზმრებოდა და თან, ყოველგვარი შიშის გარეშე. მაგრამ ერთ ზაფხულს, როცა 21 წლის იყო, ქალაქს უცნაური სენი შეეყარა, რომელმაც მთელ ქალაქს გაუქრო სიზმრებთან ჰარმონია და, თანაც, ჯერჯერობით, სამუდამოდ.
ერთ დღეს (აქაც ყველაფერი, როგორც ყოველთვის Ab ovo დაიწყო) ჩვენს ქალაქში გავრცელდა ვირუსი, რომელიც თითო სიზმრისას თიშავდა ადამიანის სხეულის თითო კუნთს. მოგეხსენებათ, თევზი ყოველთვის თავიდან ყროლდება და, შესაბამისად, უპირველესად სახის კუნთები გაეთიშათ, მიმდევრობით, ნელ-ნელა: პირველი სიზმრის მერე ყურებს ვეღარ ამოძრავებდნენ (ცხადია ისინი, ვისაც ეს საერთოდ შეეძლო), შემდეგ შუბლს და წარბებს ვეღარ ჭმუხნიდნენ, შემდეგ თვალის მოჭუტვა შეჩერდა... საბოლოოდ ყველა სიზმრისუნარიანი ადამიანის სხეული ზემოდან ქვემოთ პარალიზდა. რაღა თქმა უნდა,  ყველაზე ცუდ დღეში გონიერი, განმცდელი, წარმოსახვის უნარიანი ადამიანები აღმოჩდნენ, რომლებიც ღამეში ერთზე მეტ სიზმარსაც ნახულობენ ხოლმე ხანდახან. ამ სენის შემდეგ მათი სახე ყველაზე სწრაფად გაიყინა, - ტვინს და მახსოვრობას არაფერი სჭირდა (გარდა სხვა დანარჩენი გაფრენებისა, რაც დაავადებამდე ისედაც ჰქონდათ) სხეულის მიერ ღამეული ფაზების ვერ გაძლება მათთვის ყველაზე სწრაფად იქცა ტრაგედიად.
ადვილი მისახვედრია, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენმა სასიქადულო მასმედიამ ეს ამბავი გააცხადა და საზოგადოება ინფორმირებულ-შეიარაღებული შეიქნა, ქალაქში პანიკისა და უძლობის ხარისხი გაიზარდა, რამაც, ბუნებრივია, ოდნავადაც არ შეაჩერა არც კუნთების გაყინვა, არც მიმიკის ერთგვაროვნება და არც ზოგიერთი (მეტად ფანტაზიორი) სუბიექტის ლოგინს მიჯაჭვება.
აი, ეს ზაფხული იყო და, სხვა ქვეყნების ზემოთაღნიშნულ მკვლევართა სიმრავლე ანტივირუსის შექმნას შეუდგა. ცხადია, ძალიან მოიწადინეს, არ დაეზარათ, ერთად იბრძოლეს ხალხის სახეებისათვის ემოციის და კუნთებისთვის შეკუმშვა-მოდუნების ფუნცქიის დასაბრუნებლად და ბოლოს მათმა 'პენიცილინმაც' გაამრათლა. რა თქმა უნდა, ყველაზე სწრაფად აქაც მდიდრები გამოჯანმრთელდნენ, რომლებთანაც ყველანაირი წყალობა, ტრადიციულად, უმოკლესი გზით აღწევს. ჯერ მათი კუნთები აღდგა, ხოლო შემდეგ ჩვენი, საშუალო ფენისა და საშუალოდ სქელი ჯიბის ადამიანების.
ამით ეს კუნთებმოდუნებული სიზმარი დამთვარა, მაგრამ დარჩა 'სიზმრების დამბლა', ანდა, უფრო სწორად რომ ვთქვათ, სიზმრების რეაბილიტაციის სურვილი, ანდა, ფანტომური ტკივილი სიზმრების მიმართ (ისე მოიხსენიეთ, 'როგორც გენებოთ'). რეალობა კი ის იყო, რომ ამ სენის შესახებ დამკვიდრდა საერთო ცნობიერისეული მოგონება, რომ 'სიზმრები საშიშია' და რომ 'სიზმრებზე ლაპარაკიც საშიშია', და რომ ყველაზე ფართოდ გავრცელებული დეპრესია ჩვენი ქალაქისთვის სომნიფობიაა.
დღევანდელი მონაცემებით, ქუჩაში ან მუდმივად უძილო ადამიანებს შეხვდებით, რომლებიც დაძინების უსიზმრო საშუალებების მიღებაზე უარს ამბობენ (ასეთი აბები აფთიაქში იყიდება ბოდიშთან ერთად) და ბუნებრივ უძლობას ამჯობინებენ, ან ისეთ გამოძინებულ, მაგრამ არანაკლებ გამოფიტულ ადამიანებს შეხვდებით, რომლებიც 'წამალზე ზიან', ანუ ჩვეულებრივი წესით ყიდულობენ უსიზმრობის აბებს და სვამენ და სძინავთ კიდეც, შესაბამისად, უსიზმროდ. უსიზმრობის აბების ბიზნესი ჩვენს ქალაქში ყველაზე წარმატებულია და ჩვენი ქალაქი საერთოდაც აყვავდა ამ წარმოებით. ცხადზე ცხადია, რომ მთელ მსოფლიოს (ხანდახან, როცა ეს სხვებსაც სჭირდებათ) უსიზმრობის აბებით სწორედ ჩვენ ვამარაგებთ, ყოველ შემთხვევაში, პატენტი და ამ წარმოების სათავე ჩვენი კუთვნილებაა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, სინამდვილეში, მთელი ამ ისტორიის თხრობის მიზეზზე უნდა გადავიდე, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ბევრი საინტერესოს აღწერაც შემიძლია.
მოკლედ, ზაფხულის ერთ დღეს (უფრო სწორად, ღამეს) სიზმარი ვნახე, რომლის არ მოყოლაც არ შემიძლია. სიზმარში:
გავიღვიძე, გამოვედი გარეთ და დავინახე, რომ ჩემს ქალაქში ყველა ადამიანი თევზადაა ქცეული. მათ თვალები ღია აქვთ და, როგორც თევზებს, არასოდეს სძინავთ. არა, არ ვიცი, თევზებს სადმე თუ სძინავთ, მაგრამ ყველას, ვისაც ამ ქალაქში ვხვდები, არ სძინავს და, ამავე დროს, თევზია. მეც. და არ მომწონს  საკუთარი სახე, ძალიან არ მომწონს. ყველა სხვა ადამიანსაც თევზის სახე აქვს და არც მათი სახე მომწონს, მაგრამ ნელ-ნელა ვაანალიზებ, რომ 'რაღას ვიზამ' და ბოძებულ გარეგნობას ვემორჩილები.
სიზმარშივე მივხვდი, რომ ამ სიზმარს თანდათანობით მივეჩვიე. ამას გარდა, ვხვდებოდი, რომ საოცარი განცდა მქონდა ხანგრძლივობის და, რომ გეკითხათ, აუცილებლად ვიტყოდი, რომ რა ხანია, თევზების ქალაქში ვცხოვრობ და რა ხანია, ამ ქალაქში არავის სძინავს. რა თქმა უნდა, დაზუსტებით დავიწყებდი მე, თევზი იმის მტკიცებას, რომ არც მე და არც სხვა თევზებს უკვე მრავალი წელია არც გვძინებია და არც სიზმარი გვინახავს და რომ ეს შესანიშნავი ხანაა ჩვენი ქალაქის ისტორიაში, რომ ყველა თევზი ბედნიერია, მშვიდად ასრულებს თავის მოვალეობას; თევზური ბუნების გამო, ყველა დაწესებულობა 24 საათიანი რეჟიმით მუშაობს, ყველა ბანკი ყოველთვის ღიაა, ყველა კაფე, ბიბლიოთეკა, უნივერსიტეტი, სკოლა დღე-ღამის ნებისმიერ მომენტში მუშაობს (საერთოდ 'ღამეს' აქ უკვე დიდი ხანია მხოლოდ  სინათლის ნაკლებობად აღიქვამენ და ამ სიტყვას დაეკარგა სიმშვიდის, დასვენების, გამოძინების და სხვა ღამისეულ ცნებებთან ასოცირების უნარი). ქალაქი მუდმივად აქტიურია და ამით ყველა ძალიანაც კომფორტულად გრძნობს თავს.
ეს იყო პირველ დღეს, ანუ ჩემი თევზისეული სიზმრების პირველი მოვლინებისას. გამოღვიძებულმა გავაანალიზე, რომ იმ ჩემს სიზმარში სრულიადაც ძალაში რჩებოდა ჩემი ძვირფასი ქალაქის სლოგანები: "ამ ქალაქში ყველას სიზმრების გარეშე გვძინავს", ან "ამ ქალაქში არავის გვძინავს" (თუ როგორც არის, უკვე დიდი ხანია, ვეღარ ვიტან ვერც ერთს). არა, რომელ სიზმრებზე შეიძლებოდა ლაპარაკი, იქ უკვე ბუკვალურად არავის ეძინა და თევზად ქცეულიყო. მე, რა თქმა უნდა, შემეშინდა და დაბნეული გავედი იმ დღეს  სასეირნოდ, რათა დავრწმუნებულიყავი იმაში, რომ აკვარიუმში არ ვცხოვრობ.
დღისით გამიმართლა. ისევ ჩემთვის ნაცნობი უძილო ან აბაბნაყლაპი ადამიანები შემხვდნენ. მაგრამ გვიან, შინ დაბრუნებულსა და ძილმორეულს (მე აბებს არ ვსვამ, შესაბამისად, სადღაც ღამის 4-ზე ვიძინებ გათიშული და ენერგიაგამოცლილი, იმ იმედით, რომ არანაირი სიზმარი არ დამესიზმრება) იგივე დამხვდა: ჩაძინებისთანავე ისევ თევზებიან ქალაქში გავიღვიძე და კვლავ თევზი ვიყავი... აშკარა იყო, რომ ჩემს გონებაში ახალი ფრაზა დაიწყო, როცა ყოველ ღამე სხვა რეალობაში უნდა გადამენაცვლა. იქ მწყობრად განვითარდებოდა მოვლენები, თევზთა ქალაქის სპეციფიკას ნელ-ნელა, ეტაპობრივად გავეცნობოდი, ხალხს (ბოდიში, თევზებს) დავუმეგობრდებოდი, დავაკვირდებოდი, შევსწავლიდი და დილით კი, გაოგნებულს გამეღვიძებოდა. დიახ. სწორედ ასეც ხდებოდა.
მაგრამ წარმოიდგინეთ ჩემი პროდუქტიულობის დაქვეითება და სიმშვიდის კარგვა გაღვიძებისთანავე. უძილობა არ მეყოფოდა, ახლა მთელი დღეები სიზმრებზე ვფიქრობ და თან ამაზე კრინტსაც ვერ ვძრავ. ყოველ ღამე თევზებს ვუძლებ, გაკვირვება თანდათან უფრო მრევს ხელს, მაგრამ ჩემს ქალაქში ამაზე ვერავის ველაპარაკები, ჩვენთან სიზმრებზე ლაპარაკი სირცხვილია, ძილზე ლაპარაკსაც ტაბუ ადევს და ვინმეს რომ სიზმარი ვუხსენო, ხომ სულ მთლად უზრდელად და მათი უფლებების დამრღვევად შემრაცხავენ. მოკლედ, გასაჭირში ვარ.
არ ვიცი, რამდენი ხანი გავიდა პირველი სიზმრის შემდეგ, მაგრამ ამ ყველაფერით დადარდიანებულს უკვე მგონია, რომ მართლაც აღარაფერი მიშველის, ისევ მეძინება. ისევ ჩემს სიზმარში შევდივარ. იქ, ერთი შეხედვით, ყველაფერი ჩვეულებრივი სიმშიდით მხვდება, თუმცა ქალაქში უცნაური ხმები იპყრობს ჩემს ყურადღებას, გამოვდივარ ქუჩაში და ნელ-ნელა (სიზმრისეული ტემპით) ვაცნობიერებ, რომ რაც გარეთ ხდება, სხვა არაფერია თუ არა თევზჭერა:
რომ დღისით მზისით თევზების სამყოფელში ციდან ბადეები ცვივა და თევზებს აბამს. არავითარი თევზმჭერი არ ჩანს ჰორიზონტზე, მთელი ქალაქი გაკვირვებული იყურება ზემოთ, მაგრამ ბადეების წვიმის მომვლენი ვინაა, ვერავინ ხვდება (ყოველ შემთხვევაში, თევზები არაფერს იძახიან, არც ყვირიან, მხოლოდ ტუჩებს ამოძრავებენ, მათი ხმა, ნამდვილად ვიცი, არ მესმის). სამაგიეროდ, გაზეთების გამყიდველი თევზი, აგერ, ჩემს თვალწინ გაება ბადეში, იქვე მყოფი სიგარეტის  ჯიხურის გამყიდველი თევზი მის დახსნას ცდილობს, მაგრამ მათ თავზე მეორე ბადეც ეცემა და ახლა უკვე ორივე გაბმულია. ქუჩის სხვა მხარესაც იგივე სურათს ვხედავ: მოსეირნე დედა-შვილი თევზი გაბმულა და მათაც ვიღაც თევზები ეხმარებიან. მე გაკვირვებული ვდგავარ და სულაც არ მახსენდება, რომ თავადაც თევზი ვარ და თითქოს გვერდიდან ვუყურებ ამ ნადირობას. გაკვირვებული ვარ და დეტალებს ვერ ვარჩევ, სადღაც, აღქმის საკმაოდ ღრმა და ბუნდოვან შრეზე, მასხოვს, რომ დავიწყე იმაზე ფიქრი, ვის შეიძლებოდა ნდომოდა თევზთა ქალაქის განადგურება და ბადის, უფრო სწორად კი მთელ ქალაქში განაწილებული ქსელის მოვლენა. თან რაღაც ბილიკს დავადექი.
ჩვეულებრივი ბილიკი იყო, ქუჩებს შორისი გაზონის ერთსა და იმავე ადგილას ხშირი გადაკვეთისას გაჩენილი, ადრეც მივდილია გზის შემოკლების მიზნით ამ ბილიკზე, მაგრამ, საზეიმოდ მინდა გაცნობოთ, რომ ჩემი თევზთშორისი, მაგრამ სახმელეთო ოდისეა, სწორედ ამ ბილიკზე დამთვარდა. მიუხედავად იმისა, რომ სიზმარში ვიყავი, უსაფრთხოების გარანტია თურმე სულაც არ მქონია, რადგან მოულოდნელად, ბადე მეც დამეცა. მივხვდი, რომ ბადე სველი იყო და მძიმე, რა თქმა უნდა, ყვირილი და ხელების ქნევა დავიწყე; ვერ ვიჯერებდი, რომ ამ 'შარში' მეც გავეხვიე და ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ქსელი მეც ნადავლად მაქცევდა.
მაგრამ სიზმარი იმის სიზმარია, რომ ყველაზე უსიზმრო ქალაქშიც კი გაღვიძება ახლავს და რამდენიმე წუთიანი ბორგვისა და ზმუილის მერე, გამომეღვიძა ჩემს მშობლიურ და უძილო სომნიფობიურ სამკვიდროში და გამიხარდა, რომ არავითარი თევზმჭერი ქსელები არ შეიწირავდნენ ჩემს მოსაწყენ ყოფას.
იმავე ღამეს მივხვდი, რომ 'ამ ამბის ასე დატოვება არ გამოვიდოდა', როგორც იტყვიან, 'ეს მინიშნება მინიშნებად უნდა მიმეღო' და იმ დღიდან შევუდექი ჩემი სიზმრის სათანადოდ გამოყენებას.
არა, რა სათანადო გამოყენებაზეა საუბარი, სინამდვილეში, ხანგრძლივი დეპრესია ავიკიდე და კარგა ხნის ფიქრი და უძილობა დამჭირდა, სანამ ამ ყველაფერს დავალაგებდი და სიზმრის ყველა მინიშნებას, ასე თუ ისე, გამოვიცნობდი. ერთი რამ ნამდვილად ვიცოდი: სანამ ასე უძილოდ ან უსიზმროდ ცხოვრობდნენ ჩემი ძვირფასი თანამოქალაქეები, ისინიც სიზმრისეულ თევზებს ჰგავდნენ და მათსავით არც ლაპარაკი, არც ყვირილი, არც გამოხატვა შეეძლოთ, თევზჭერისას, ვერც ისინი გაიღებდნენ ხმას...
და მოკლედ, როგორც არის, ეს თეორიაც დავალაგე, ვისეირნე, ვიფიქრე და ბოლოს თავად დავიწყე საიდუმლო ქსელის გაბმა, რაღა გასაკვირია, ჩემი ქსელი სიზმრებზე იყო.
მე სიზმრების ოქროს თევზად ვიქეცი: დავდიოდი ქალაქში და ვარიგებდი კონვერტში ჩადებულ პატარა ბარათებს, რომლებსაც ეწერა: "მეთევზევ, მომიყევი შენი სიზმარი და სამ სურვილს შეგისრულებ" და თანდართულ წერილებს, რომლებშიც თევზთა ქალაქის ამბების აღწერა იწყებოდა, რაღა თქმა უნდა საოცრად ტრაგიკული თევჭერის ამბებიანად.
ამ სათევზაო ფანდისას, ვფიქრობდი, რომ, როცა კონვერტს გახსნიდნენ და ბარათს წაიკითხავდნენ, ჩემს ძვირფას თანამოქალაქეებს რისხვის გარდა არაფერი შეიპრყობდა, მაგრამ ოქროს თევზის სახელზე მოსული წერილების ოდენობა ამის საწინააღმდეგოს ადასტურებდა. და სიზმრისეული ამბებიც გროვდებოდა ჩემს სომნითეკაში. ცოტა ხანში, მე ვიყავი ყველაზე სიზმარუხვი ოქროს თევზი, რადგან ჩემს ბაზაში იძებნებოდა ქალაქის საუკეთესო სიზმრები. რჩეულ სიზმრებს ჯილდოებად ვუგზავნიდი ყევლაზე გულწრფელი სიზმრების ავტორებს და მალე ჩვენი ქალაქის უძილო მოქალაქეები ერთმანეთის სიზმრების წამკითხველებად იქცნენ (ესეც 'როგორც გენებოთ', ისე გაიგეთ, ხან ჩემს გზავნილ სიზმრებს კითხულობნენ, ხანაც, ვატყობდი, რომ სიზმართა წაკითხვაში ჩემი ხელი აღარ ერია) და უსიზმრობის მწარომბლებიც ნელ-ნელა მოგების გარეშე დარჩნენ. ეს, ისე ხუმრობით, რადგან წარმოებას, როგორც ასეთს, რას ვერჩი.
ჩემს ქალაქში მე ყველაზე ბედნიერი თევზი ვარ: ფარული სიამაყით მინდა გაცნობოთ, რომ მხოლოდ მე მაქვს ნანახი მთელი ქალაქის სიზმრები და მათი ნაირგვარობა ჯერ არ ვიცი, სად მიმიყვანს.


No comments:

Post a Comment