Pages

Sunday, August 23, 2015

სამი ქალი ჩემს თავში და კალია

სამი ქალი ჩემს თავში
და კალია

მე, რა თქმა უნდა, მიზოგინი ვარ. შესაძლოა, ეს დიდი ხნის წინ დაიწყო, მაგრამ, ამჟამად მხოლოდ სამ ისტორიას ვიხსენებ და მიზეზედაც მათ ვასახელებ.  რა თქმა უნდა, საკუთარი თავის ანალიზს თავი მას მერე მოვუყარე, რაც ექიმები დედაჩემის გარკვეულხნიანი თხოვნისა და ჩემი მოსალოდნელად ინდეფერენტული თანხმობის შემდეგ ჩაერივნენ და აბები დამინიშნეს („აბები“, რატომღაც, „გადარჩენასავით“ ჟღერს). ჩემს მახსოვრობას სწორედ ამის შემდეგ დაუბრუნდა სიმწყობრე და დროსივრცული მიმდევრობითობა.  
განმარტებითი მინაწერი. პირველი.
აი, ის მომენტი, როცა ამბობენ, „ყვერებიანი ქალი“
და სინამდვილეში, უიღბლობის მეტი არაფერი იგულისხმება.
მიშო, როგორც იქნა, მოვიდა. ვიცი, რომ საქმეზე იყო და არ ვსაყვედურობ. მეც საქმეზე ვხვდები, მაგრამ მიშო სულ საქმეშია და, შესაბამისად, ვიცი, ისევ საქმისთვის ჯობია, საქმეს საყვედურებით ან წუწუნით თუ არ დავიწყებ.
-         აბა, რა ხდება, - ვეკითხები.
-         უაჰ, აი, არ ვიცი რაა, ამათ უნდათ, თან ეს ვიყო, თან ის, აი, არ ვიცი რააა - სულს ითქვამს მიშო.
-         ხო იყავი ოფისში? – (ვაგრძელებ საქმიანად)
-         კი...
-         მერე?
-         მერე შემცა იმ ჩემისამ, ჯერ დააგვიანა, მერე ყვირილით, თან ტელეფონზე ლაპარაკით ამოვიდა, ვიღაცას აგინებდა, ოცი ბოზი მოგეთრია ბარემო, ეუბნებოდა... მეც უკვე იმის სიტყვებს რომ ვიმეორებ რაა ... (ჩაიცინა  მიშომ).
-         ეგ კაი, არ მიკვირს, მერე??
-         მერეე.. არ მომისმინა წესიერად, ახლა ვერაფერს ვიზამო, სანერვიულო შემხვდაო, ნუ კაროჩე...
-         არა, ეგ ფრაზა რა, რა „სანერვიულო შემხვდა“? სად შეხვდა, რას? ვის? - რა შუაშია!
(თანაგრძნობითი სიბრაზე საქმეს უხდება)
-         ეე, შენ კი გესმის, მარაა, ხო იცი... ... მერე: მომწონს თქვენი მუშაობაო, მაგრამ ჩვენს საქმეს არ სჭირდება დეტალების ასე გაკეთება და დაწვრილმანებაო, მოკლედ, ვერ შევთანხმდით... აქამდე ოცჯერ მექნებოდა გაკეთებული...
-         ხომ ამბობდი, გამკეთებელიაო?
-         კი, ვამბობდი, მარა, ხო იცი, ყვერებიანი ქალიც ქალია...
-         კაიი, ახლაა, ეგ თემა არ დაიწყო თავიდან რაა...
-         ჰოო, კაი, კაი. ის მითხარი, შენკენ რა ხდება...

აი, ეს სცენა უჩვეულოდ ზედმიწევნით მახსენდებოდა, მას მერე, რაც მახსოვრობა აღმიდგა და გარკვეული ეპიზოდების თანმიმდევრულად დალაგება შევძელი. ეს დიალოგი ნამდვილად ჩემი კრიზისული ფაზის კულმინაციამდე რაღაც ხნით ადრე იყო და ეჭვი მაქვს, საფუძვლიან (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) ეპიზოდად იქცა, რადგან მას მერე, რაც მე და მიშოს საქმიანი საუბარი შედგა, როგორც ჩანს, დავრწმუნდი, ან ჩემი ტვინის რაღაც ნაწილმა დაიჯერა, რომ არსებობს ქალების სიმრავლე „ყვერებიანები“, რომლებიც ყვირიან, იგინებიან და საქმეს უძღვებიან, რომლებზეც ამბობენ,  უმეტეს შემთხვევაში, რომ „ქმარი შეხვდა უვარგისი“ და „მერე საკუთარი ბიზნესი დაიწყო“. მაგრამ, როგორც წესი, ისინი პოზიტიურ დამოკიდებულებას არც საზოგადოებაში იმსახურებენ და არც ჩემს არეულ გონებაში, ჩემთან იმიტომ, რომ ქალების შიშმა და სიძულვილმა, როგორც დაავადებამ, ნელ-ნელა გამოვლინება პოვა, საზოგადოებაში კი იმიტომ, რომ, უბრალოდ, ასე ურჩევნიათ.

განმარტებითი მინაწერი. მეორე.
აი, ის მომენტი, როცა ქშიშტოფ კიშლიოვსკის „მოკლე ფილმი სიყვარულზეს“
  მთავარი გმირი ყურებზე ყინულებს მიიდებს,
რათა შინაგანი ხმა და სიცხე დაახშოს
.
Maleta (რადგან ეს სიტყვა ესპანურად „ჩემოდანს“ ნიშნავს) ძალიან ურიგო სახელია იმ გოგონასთვის, რომელიც ჩემს მიზოგინიასთან დაკავშირებით კიდევ ერთ საკვანძო შემთხვევას წარმოადგენს. მას, რასაკვირველია, „ვარდისფერი პანტერა“ უნდა რქმეოდა, რადგან იმ (სინამდვილეში სრულიადაც) მშვენიერი მულტფილმის მთავარ გმირ პანტერასთან შესაშურად მრავალ მსგავსებას ამჟღავნებდა. მალეტას შემთხვევით კამპანიაში შევხვდი, ზაფხულში, საღამო ხანს. კიდურები ისეთივე გრძელი და ელასტიური ჰქონდა, როგორც ვარდისფერი ანიმაციის გმირს და გაკვირვებული და სტატიკური მზერაც სწორედ ისეთ ეფექტს ქმნიდა, როგორიც უნებლიე გაუგებრობებში აღმოჩენილ, შეფარვით კომიკურ, თავაწევით მოსეირნე მულტფილმისეულ პანტერას აქვს ხოლმე. მალეტას სხეულის ელასტიური მიმოხრა და სხვების საუბარში პერიოდული ჩართვისას აუღელვებელი რეპლიკები იყო, ჩემი პირველივე შთაბეჭდილებით, ამ გოგონას ღირსება, ხოლო დანარჩენი მისი საქციელი (მაგ: საუბრის უნარშეზღუდულობა, რადგან დიალოგისას არასდროს გისმენდა, ან თხოვნის მანერის არქონა „მომაწოდე, თუ შეიძლება“, მგონი ცხოვრებაში არ წარმოეთქვა) და ჩემი სხვა შეფასებები, რა ფრაზებიც მასზე მაფიქრედბოდა: „ცხოვრებაში არაფერი აკლია“, „მისთვის ყოველთვის ყველაზე ძვირიან ტანსაცმელს ყიდულობდნენ“, „წარმოდგენაც არ აქვს, ფულის გამომუშავება რა არის“, „ საერთოდ, ალბათ, ცოტა რამეზე აქვს წარმოდგენა“ და ა.შ. - სულ სიძულვილში გადავისროლე.
-         სადმე წასვლას არ აპირებ?- მეკითხება (რა თქმა უნდა, მხოლოდ შევხედე და არაფერი ვუთხარი - მგონი, უკვე ვარ კიდეც სადმე (!), ვერ ხედავს? და ამ „სადმეში“ ცხელა)
-         ხო, იმიტომ, რომ, აი, აქ რა უნდა აკეთო რაა, ორი კვირა მადრიდში მივდივარ და მერე, არ ვიცი, ვნახოთ...
(მე, რა თქმა უნდა, ამ დროს ჩანთაში ვიქექები, ვიღებ, ალბათ, საფულეს სულ ტყუილად, რადგან ისედაც ზუსტად მახსოვს, ფული რამდენი მაქვს ან ჩემს ზამბარებიან ბლოკნოტს, ვითომ რაღაც ჩანაწერს ვეძებ და, რა თქმა უნდა, მალეტას არ ვუსმენ)
-         მე და თინაკომ ახალი ჩემოდნები ვიყიდეთ, - ეუბნება ანას, რადგან მე შემეშვა (მე არ ვუსმენ და  ცხელა)
-         რა კარგია! -  (ანა ზრდილობიანი გოგოა)
-         ძველებს, ნუ, რაღაც ჭირდათ, არ იყვნენ ვიდზე...
-         უუი, მესმის, - (ანა ისევ ზრდილობიანი გოგოა)
(ბუნებრივია, მალეტას კვლავ არ ვუსმენ და „საქმეს“ ვაგრძელებ)...
-         არაა, ძაან ცხელა რაა, მოდი, რამე ვითამაშოთ (ადეკვატურია მალეტა)
-         მოდი, - (ზრდილობიანია ანა)
-         ვითომ, თამაში კარგი იდეაა (თხრობითი ინტონაციით ამბობს მალეტა კითხვით წინადადებას)...

მე მათ არ ვუსმენ და მცხელა.

განმარტებითი მინაწერი. მესამე.
დიდასკალია ნიშნავდა იმ სიას, რომელშიც ჩამოთვლილი იყო ცნობები,
ვინ რამდენჯერ მოიგო და რა დრამებით ათენის დიონისიებ,
მაგალითად, სამჯერ რომ მარტო ევრიპიდემ გაიმარჯვა.

დიდას მხოლოდ იმიტომ დავუმეგობრდი, რომ ქალს არ ჰგავდა.
დიდას კალიები უყვარს.
დიდა გაუჩერებლად ლაპარაკობს და ყველაფერს სცენებად ყვება. თუ დიდასთან ცოტა ხანგრძლივად დარჩი, აუცილებლად მოგიყვება საუკეთესო სცენების ათეულს, მეათედან ქვემოთ.
შესაბამისად, დიდას მთელი ცხოვრება სცენა და სცენებია (შექსპირივით).

მე და დიდა დიდასთან ავდვართ. სადარბაზოში ჭრაჭუნი რომ მომესმა, პირველი ის გავიფიქრე, რომ ზაფხული კარგა ხანია გავიდა და ეს ჭრაჭუნი არ უნდა მესმოდეს-მეთქი. შევედით. ოთახი არის ერთი და რაღაც ტილოსფერსა თუ ღიაყაფისფერშია გახვეული. კედლებს ავხედე და სულ კალიებია მიხატული შავი ტუშით, დიდი მონდომებით. სადაც კი თაროა, ყველაგან ქილები აწყვია. იქედან კალიები მიყურებენ. ან არ მიყურებენ, უბრალოდ, სხედან. ყველა კალიის მზერა.
დიდა მშვიდად ფუსფუსებს. ლუდს მთავაზობს. თავადვე ასხამს გრძელ ჭიქაში. ლუდიც იმფერია, რა ფერიც მთელი ოთახი.
"დიდას კალიები".
ახლა დიდა დღის საუკეთესო სამი ისტორიის მოყოლას მთავაზობს (იცის, რომ მეჩქარება). რა თქმა უნდა, თანხმობას არ ელოდება, იწყებს:
- მესამე ადგილი: მივდივარ რაა, მივდივარ და ჩემ წინ მანქანა აჩერებს, გვრედიდან ვუვლი და აი, უკვე კართან ახლოს ვარ და უცბათ მანქანის ფანჯრიდან ფურცლები ცვივა და ჩემს ფეხებთან იყრება, ფურცელბი რაა, ნაგავი ანუ. და ვბრაზდები რაა. ჰოდა, მე, ხო იცი, დიდა ვარ და ხომ არ მოვითმენ და ვუყვირი: რა ქენით, ბატონო, ნაგავს მაყრით?! ჩემი შვილი რომ ხედავდეს, ამხელა კაცი მანქანიდან ნაგავს ყრით, რა ვუთხრა მერე? აი, ესაა რა სცენა მესამე, მესამე ადგილზეა რაა, ხომ წარმოიდგინე?
თავს ვუქნევ. დიდას კალიებზე  ვფიქრობ. ყველა კალიის მზერა.
- ჰოო, ახლა მეორე ადგილი. ლუდს რატომ არ სვამ, დალიე. პარკში ვარ რაა, და ქალი მოდის - დებილი (დიდაც მიზოგინია, ამიტომ დავმეგობრდით) და ბავშვი მოჰყავს. ფანტანთან ჩერდებიან, თან ეს ტელეფონზე ლაპარაკობს, ქალი. და რას აკეთებს? - კადრი, სცენა რაა: ფანტანს თითს აჭერს და წყლის გრძელი რკალი კეთდება და ბავშვს ესხმება, ბავშვი ფანტანთან დგას იქვე, ისე რომ წყალი დაესხას. და ვარ და ვუყურებ ქალს რაა და ის კიდე წყალს ასხამს ბავშვს, თან ტელეფონზე ლაპარაკობს. მე - დიდა ვბრაზდები და მივდივარ და ვეუბნები, ქალო, რას აკეთებ...
პაუზა. "ესეც შენი მეორე ადგილი" ყრუდ მესმის. კალიები უფრო აჭრაჭუნდნენ და უფრო დაცხა თუ წვიმას იწყებს, ვერ ვარჩევ.
დიდას ავხედე. დიდა თვითონაც კალიას ჰგავს.
ფეხზე ავდექი და ოთახში დავდივარ. დიდა პირველიადგილოსანი სცენის ეპიზოდს ავითარებს, მაგრამ მე მხოლოდ სმენით პაუზას ვუსმენ. ვჯდები და აღარ ვინძრევი. ვგრძნობ, რომ დიდასგან რაღაც ბგერითი ტალღები მოდის და კალიების ჭრაჭუნის ხმა უწყვეტად იმატებს და ჩალისფერ და ლუდისფერ და ღაიყავისფერ კალიებს უკვე ახლოდან ვხედავ. მათი ყველა თვალი ჩემს სახესთან.
"დიდას კალიები"
დიდა ჭრაჭუნებს, რადგან სცენა, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა, ალბათ, სასაცილოა. ყოველ შემთხვევაში დიდას კალიის სახე მოძრაობს ისე, თითქოს იცინის და მე ვცდილობ, არ ვიყვირო, ისე ავდგე და ავიღო ჩემი რუკზაკი, რომელიც კუთხეში დავდე შემოსვლისას. თავბრუსხვევით ვდგები, ვიხედები კუთხრისკენ, მაგრამ რუკზაკის ნაცვლად, კალია ზის (ეს ჩალისფერი ჩანთა დედამ მიყიდა) და ჭრაჭუნებს.
ყველა კალიას ვტოვებ და ოთხადან გავრბივარ, მაგრამ მეშინია, რადგან სადარბაზოს კიბის მოაჯირი სრულიად კალიის ფრთებია, მათ მე ხელს ვერ ვახლებ და თვალებს ვხუჭავ.
ძალიან ჩქარი ნაბიჯით მივდივარ. ენას ზედა კბილებსა და ღრძილს შორის ვატარებ, ვამოწმებ, ხომ არ დამრჩა ლუდის გემო, საბედნიეროდ, მახსენდება, რომ კალიისფერ სასმელს არ გავკარებივარ.
"დიდას კალიები"
"პირველი ადგილი... სიტუაცია... ვეუბნები... ბევრი ხალხი...სცენა..." დიდა ჩემი მეგობარია. დიდა კალიაა.

ხოლო მე:
სახლში დავბრუნდი უსიტყვოდ. დიდხნიანი სიჩუმე. ვერ ვიტანდი, როცა ნებისმიერი მიზნით შემოდიოდა მეზობლის ქალი (ეს უზუსტესი სიტყვათშეთანხმებაა და შესწორება არ მთხოვოთ). დედაჩემის დაქალები რომ რეკავდნენ და ჩემს ამბავს კითხულობდნენ, მაგასაც ვერ ვიტანდი. დიდამაც დარეკა. უთქვამს, რომ ჩანთა დამრჩა მასთან. ერთ დღეს, როცა მამასთან სტუმრად და სინამდვილეში კი, საქმის ჩასაწყობად დამწყები ვოკალისტი გოგონა და მისი მსუქანი მოქაქანე დედა მოვიდნენ, უბრალოდ, ყვირილი და ჩემი ოთახიდან ნივთების აქეთ-იქით სროლა დავიწყე (განსაკუთრებით ვერ ვიტანდი მოყავისფრო ნივთებს, პირველად ძველი ხის ყუთი ვაფრინე). დედაჩემმა, რომელიც ლმობიერი ადამიანია, არ მაკადრა საავადმყოფოში „ძალით წათრევა“, ჯერ მშვიდად მკითხა, რა მინდოდა, ხოლო შემდეგ, როცა ჩემი პასუხები, უმეტესად, „სულ ერთია“ და „გული მერევა“ მოისმინა, შესაშური გაწონასწორებულობით გადაულოცა ჩემი თავი მედიცინის მუშაკებს. მათ არ უყვირიათ (რატომ მეგონა, რომ იყვირებდნენ), გამსინჯეს და აბები მომცეს. („აბები მომცეს“, აქაც რაღაც „გადარჩენასავით“ ჟღერს).
ამას მოჰყვა, რომ დამავიწყვდა ბევრი რამ, განსაკუთრებით, ბევრი ქალი. სავარაუდოდ, ბევრი კადრი და ბევრი სცენაც დამავიწყდა. აქამდე, „თუ სწორად მახსოვს“, მხოლოდ ფილმებში თუ მინახავს მახსოვრობის ასე გაწმენდა. მაგრამ, მოგეხსენებათ, წარმავალი ცხოვრებაში არაფერია და ჩემს პაუზებით მომუშავე ტვინში მთელი ეს ამბები ქალებზე სამ ზემოთმოყოლილ ეპიზოდად და კიდევ ჩალისფერის, ლუდის და ჭრაჭუნის შიშად მაინც დაილექა.




           
მარიამ ნოზაძე
16.07.2014


No comments:

Post a Comment